Thursday, May 3, 2012

ტყის კატა





ტყის კატა,ეკუთვნის კატების ოჯახს.
აღწერილობა: ძლიერ ჰგავს რუხი შეფერილობის შინაურ კატას და ამ უკანასკნელისგან ძალიან ძნელად გასარჩევია , თუმცა რამდენადმე უფრო დიდია და აქვს გრძელი კუდი გრძელი ბეწვებით. კუდის სიგრძე თითქმის სხეულის სიგრძის ტოლია. სხეულის სიგრძე 58-75სმ, წონა 4-5 კგ.
გავრცელება: დასავლეთ ევროპა, მცირე აზია, მოლდავეთი, სამხრეთ უკრაინა, კარპატები, კავკასია. საქართველოში გვხვდება ბევრ ადგილას მთავარი კავკასიონის სამხრეთ ტყიან კალთებზე და მის განშტოებებზე, მცირე კავკასიონის მთების ტყეებსა და მდ. მტკვრის ჭალის ტყეებში. ვერტიკალურ გავრცელების ზემო საზღვარია 2000 მ ზღვის დონიდან.
ცხოვრების ნირი: ბინადრობს დაბლობებსა და მთის შერეულ ტყეებში, იშვიათად წიწვიან ტყეებში. ბუნაგს იკეთებს ხის ფუღუროში, ხეების ფესვების ქვეშ, კლდის ნაპრალში, ზოგჯერ მიტოვებულ სოროში. სანადიროთ გამოდის უმთავრესად ღამით, მაგრამ ღრუბლიან და ნისლიან დღეებში ნადირობს დღისითაც. იკვებება: თაგვებით, მემინდვრიებით, ციყვებით და წვრილი ფრინველებით. დიდ ზიანს აყენებს ქათმიასნაირ ფრინველებს. მძუნაობა მიმდინარეობს აპრილ-მაისში, თითოეულ ჯერზე მდედრი შობს 3-8 კნუტს. მამრები გამრავლების უნარს იძენენ 3 წლის ასაკში, მდედრები დაბადებიდან 9-10 თვის შემდეგ.
სამეურნეო დანიშნულება: ბეწვის მდარე ხარისხის გამო ტყის კატას სარეწაო მნიშვნელობა არა აქვს, თუმცა მის ტყავს მაინც ამზადებენ. სარგებლობა მოაქვს მავნე მღრღნელების მოსპობით, მაგრამ ზიანს აყენებს სამონადირეო მეურნეობის სანადირო ფრინველების მოსპობით

ტურა





ტურა ეკუთვნის ძაღლების ოჯახს.
აღწერილობა:სხეულის სიგრძეა 68-104 სმ,კუდის 22-27,წონა 6-16კგ.სხეულის ზომით მდედრები არ ჩამოუვარდებიან მამრებს.ბეწვი უხეშია,ქარცი-რუხი.ზურგზე მუქი გასწვრივი ზოლი,ზაფხულობიტ უფრო ბაცია,ვიდრე ზამთარში.
გავრცელება:სამხრეთ-აღმოსავლეთი ევროპა, ჩრდილო აფრიკა, მცირე აზია, კავკასია, შუა აზია ინდოეთამდე. საქართველოში გვხვდება თითქმის ყველგან 1000 მ სიმაღლემდე ზღვის დონიდან.
ცხოვრების ნირი:ბინადრობს ჭალისა და მთის ძირების ტყეებში,ბუჩქნარებში და წყალსატევების ახლოს ლერწმიანებში.არ ერიდება დასახლებულ ადგილების სიახლოვეს.ბუნაგს იკეთებს ნაირგვარ ბუნებრივ თავშესაფარში,კლდის ნაპრალებში,ზედაპირის ჩაღრმავებულ ადგილებში,ხეების ფესვების ქვეშ,ზოგჯერ იკავებს მელიის ან მაჩვის სოროს,თვითონაც თხრის არაღრმა სოროს.საკვებს შეადგენს ძირითადად წვრილი ძუძუმწოვრები:თაგვისებრი მღრღნელები,კურდღლები,თავს ესხმის ფრინველებსაც.იკვებება აგრეთვე სხვადასხვა ხილითაც.სანადიროთ გამოდის ჯგუფურად. მძუნაობა ხდება იანვარ-თებერვალში,მაკეობის ხანგრძლივობაა სამ თვეზე.ნამატი ჩნდება აპრილ-მაისში.თითოეული ნაყარი შეიცავს 3-8 უსურ თვალბაუხელელ ნაშიერს.დაბადებიდან ერთი თვის შემდეგ ისინი უკვე შერეულ საკვებით იკვებებიან.განგური ხდება წელიწადში 2-ჯერ თებერვალ-მარტში და სექტემბერ-ოქტომბერში.
სამეურნეო მნიშვნელობა:საგრძნობ ზარალს აყენებს სახალხო მეურნეობას,შინაურ და გარეულ ფრინველებს,აგრეთვე არის ცოფისა სა სხვა დაავადებების მტარებელი და გამავრცელებელი.ბეწვი მდარე ხარისხისაა.ტურას უგებენ 3 ან 5 ნომერ ხაფანგს.თოფით მოპოვების საჭიროა 1,0,00, საფანტი.

მაჩვი





მაჩვი კვერნისებრთა ოჯახის წარმომადგენელია. საქართველოში ბინადრობს ქვესახეობა ამიერკავკასიური მაჩვი.
აღწერილობა: სხეულის სიგრძე აღწევს 1 მ-ს, კუდის 16-20სმ, ცოცხალი წონა 10-20 კგ, შემოდგომით ცხიმის დაგროვების გამო იწონის მეტს. სხეული უხეშია, წინა ნაწილში წავიწროებული და უკანა მიმართულებით გაფართოებული. თავი წაგრძელებული და ვიწრო, კისერი მოკლე და მოძრავი. თითები შეიარაღებულია გრძელი მახვილი ბრტყელი ბრჭყალებით, რომლებიც მომარჯვებულია მიწის სათხრელად. ბეწვი უხეში, ზურგზე ფაცახის სიგრძე 10სმ-მდეა, თივთიკი გააჩნია მხოლოდ ზამთარში. სხეულის შეფერილობა რუხია , ზურგზე და მკერდზე მურა-შავი. თავის ორივე მხარეს თითო შავი ზოლია, რომლებიც გრძელდება თვალზე გავლით ყურის მიმართულებით.
გავრცელელება: თითქმის მთელი ევროპა (მისი ჩრდილოეთი ნაწილის გარდა) და აზიის უმეტესი ნაწილი . საქართველოში ველისა და ტყის ზონებში, ზოგჯერ ალპურ მდელოებზე, ზღვის დონიდან 2500 მ სიმაღლემდე.
ცხოვრების ნირი: ბინადრობს ტყეებში, ტყის პირებზე, ველზე, ბუჩქნარში, სოროს სწრაფად თხრის ბუჩქნარით დაფარულ ხევებში, ხეების ქვეშ, ეტანება უფრო სამხრეთ, მზიან ფერდობებს. სორო რთული აგებულებისაა. სიცოცხლის მეტ ნაწილს მაჩვი სოროში ატარებს და იქ თავისი შთამომავლობით რამდენიმე წელიწადი რჩება. თბილი და მზიანი ამინდის დროს ზამთრის ძილქუში ხშირად წყდება და მაჩვი გამოდის სოროდან და მზეზე თბება.
იკვებება ნაირგვარი ცხოველური და მცენარეული საკვებით: წვრილი ნადირით, ფრინველებითა და მათი კვერცხებით, ქვეწარმავლებით, ამფიბიებით, მწერებით, მოლუსკებით, ჭიებითა და სხვა უხერხემლო ცხოველებით, ნაყოფებით, თესლებით, ბოლქვებით, ფესვურებითა და სოკოებით.
მძუნაობა ხდება ივნის-ივლისში. მაკეობა გრძელდება დაახლოებით 1 წელიწადი და
მდედრი შობს ნაშიერს აპრილ-მაისში. იბადება 2-5 თვალებაუხელელი თეთრბეწვიანი ნაშიერი, რომლებსაც თვალები ეხილებათ 1 თვის ასაკში. ისინი სწრაფად იზრდებიან და 2-3 თვის ასაკში იწყებენ დამოუკიდებელ კვებას. გამრავლების უნარს მდედრები იძენენ ორი წლის ასაკში, ხოლო მამრები 3 წლის ასაკში. სიცოცხლის ხანგძლივობა 20 წლამდე.
სამეურნეო მნიშვნელობა: ჩვენში სარეწაო მნიშვნელობა არაა აქვს, მაგრამ ზოგიერთ ადგილას იყენებენ საკვებად ხორცს. ტყავი მდარე ხარისხისაა, მაგრამ გამოიყენება იატაკზე გასაშლელად, ის კარგია იმით , რომ მისგან ბეწვი არ სცვივა. ტყავი გამძლეა და მისგან კერავენ შალითებს თოფებისათვის. ფაცახი გამოიყენება ფუნჯების გასაკეთებლად, ხოლო ცხიმი საპნის დასამზადებლად. სამკურნალო თვისებების გამო ცხიმი გამოიყენება მედიცინაში. მღრღნელების და მწერების დიდი რაოდენობის მოსპობით მაჩვს სარგებლობა მოაქვს.



ეკუთვნის კატების ოჯახს.
აღწერილობა: სხეული მოგრძო, მოხდენილი და მოქნილი,თავი მრგვალი, კუდი გრძელი, ფეხები ღონიერი და აღჭურვილი გრძელი ბრჭყალებით, რომლებიც იმალება თითების ბალიშში, ბეწვის შეფერილობის საერთო ფონი მოყვითალოა, მრავალრიცხოვანი შავი ლაქებით. სხეულის სიგრძე 100-180სმ, კუდის 110, სხეულის წონა 100 კგ-მდეა.
გავრცელება: აფრიკა, აზიის სამხრეთი ნაწილი, რამდენიმე ათეული წლის წინათ ბინადრობდა კავკასიაში, ამჟამად იშვიათად გვხვდება ამიერკავკასიაში. საქართველოში არსებობა საეჭვოა, შესაძლებელია , რომ გადარჩენილია სადმე დიდი კავკასიონის დაბურულ ტყეებში. ერთი ეგზემპლარი მოკლული იყო სამხრეთ ოსეთში 1950 წელს თბილისის მიდამოებში, საგურამოს ნაკრძალში, უფრო ადრე აღნიშნული იყო ჯიქის მოპოვების შემთხვევები კოდორისა და ბზიფის ხეობებში.
ცხოვრების ნირი: ბინადრობს მთის უღრან ტყეებში კლდოვან ფერდობებზე, ხევებში,
მდინარეთა ნაპირას ბუჩქნარებში. შეუძლია ადვილად ასვლა ხეებზე, სადაც ისვენებს და უთვალთვალებს მსხვერპლს. აქტიურია ღამის საათებში, თუმცა არც დღისით გაურბის ნადირობას . ნადირობს ჩასაფრებული ან მიპარვით ნადირთა ბილიკებზე და წყალსალევებთან. იკვებება ძირითადად გარეული ჩლიქოსნებით, ზოგჯერ ესხმის შინაურ ცხოველებს, კერძოდ-ძაღლებს, იშვიათად ადამიანსაც კი. მძუნაობა მიმდინარეობს ჩვეულებრივ იანვარში , მაკეობის ხანგძლივობა დაახლოებით 3 თვეა. მდედრი შობს 1-3 თვალაუხელელ ნაშიერს, რომლებიც თვალებს იხელენ 10-12 დღის შემდეგ.
სამეურნეო მნიშვნელობა: იძლევა ძვირფას ბეწვს. საქართველოში სარეწაო მნიშვნელობა არასდროს ქონია. საჭიროა დაცვა ვინაიდან ძალიან იშვიათი ცხოველია
ჯიქი წითელ წიგნშია შეტანილი და მასზე ნადირობა აკრძალულია




მაღალი მთების ჩლიქოსანია. იგი უფრო ქვედა ზონაში, ზღვის დონიდან 1500-2000 მეტრის სიმაღლეზე, კლდოვან ადგილებში ბინადრობს.
არჩვი დილით და საღამოთი გამოდის საძოვრად და უმთავრესად ალპური ბალახეულით იკვებება. იგი მეტისმეტად ფრთხილი ცხოველია. ძოვის დროს ხშირად თავს მაღლა სწევს და მიდამოს ათვალიერებს. თუ ყური მოჰკრა რაიმე საეჭვო ხმაურს, ქანდაკებასავით გაირინდება და დიდხანს ასე დგას, ხიფათის შემთხვევაში გამოსცემს საგანგებო სტვენას, მაშინვე მთელი ფარა დაიქსაქსება და გაქცევით შველის თავს.
არჩვი ნოემბერში მაკეობს. მაის-ივნისში შობს ერთ ან იშვიათად ორ თიკანს. როგორც დედალ, ისე ვაც არჩვს პატარა, ლამაზი, ბოლოში მოხრილი რქები აქვს. ამიტომ ნადირობის დროს ძნელია მისი სქესის გარჩევა.
ჩვენში არჩვზე ნადირობის საშუალებები და ხერხები თითქმის ისეთივეა, როგორც ჯიხვისა, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ არჩვზე მორეკვით ხერხსაც იყენებენ, როდესაც არჩვი ტყის ზონაშია ჩამოსული და თავშეფარებულია ხშირ ტყეს ან ბუჩქნარს. ასეთ დროს შეიძლება სადალულიანი თოფის ხმარებაც მსხვილი ფინდიხით (კარტეჟით) დატენილი ვაზნებით.
არჩვის ძირითადისაბინადრო ადგილსამყოფელია: ლაგოდეხის, ახმეტის, ყვარელის, თელავის, თიანეთის, ბაღდათის, ოზურგეთის, ვანის, ჩოხატაურის, და აფხაზეთის რაიონები. მცირე რაოდენობით ისინი ბინადრობენ აგრეთვე ზოგიერთ სხვა რაიონშიაც.
ამჟამად ჩვენში არჩვზე ნადირობა აკრძალულია.

კავკასიური ჯიხვი




ეკუთვნის ღრურქიანების ოჯახს და თხების გვარს. დიდი კავკასიონის ენდემია. ჯიხვების სისტემატიკა დღემდე დამუშავებული არ არის, ამ საკითხში მეცნიერთა შორის, აზრთა სხვაობაა. უფრო სარწმუნოდ უნდა მივიჩნიოთ, რომ არსებობს ჯიხვის ერთი პოლიმორფული სახეობა, რომელშიც გაერთიანებულია მორფოლოგიურად განსხვავებული სამი ფორმა:
1. დასავლეთკავკასიური ჯიხვი;
2. ცენტრალურ კავკასიური ჯიხვი;
3. აღმოსავლეთკავკასიური ჯიხვი.
აღწერილობა: ჯიხვის ყველა ფორმისათვის დამახასიათებელია მსხვილი, მასიური, რამდენამდე წაგრძელებული სხეული, შედარებით პატარა თავი და ძლიერი კისერი. სხეული ეყრდნობა დაბალ მსხვილ ფეხებს. მოზრდილი მამრის სხეულის სიგრძე 160 სმ, სიმაღლე 100 სმ-მდეა, წონა 140-160 კგ. მდედრების ზომა და წონა 1/3-ით ნაკლებია , ვიდრე ხარჯიხვისა. ყველაზე უფრო დამახასიათებელია რქების აგებულების თავისებურობა. რქები აქვთ როგორც მამრებს, ისე მდედრებს, მაგრამ მამრებს ისინი 3-ჯერ მსხვილი და მასიური აქვთ. რქების აგებულების თავისებურებათა მიხედვით განსხვავდებიან ურთიერთშორის ჯიხვის ზემოაღნიშნული 3 ფორმა. დასავლეთ კავკასიური ჯიხვისათვის დამახასიათებელია ერთ სიბრტყეში ნამგლისებურად მოღუნული რქები, რომელთა წვეროები მიმართულია ოდნავ ქვემოთ და შიგნით. აღმოსავლეთ კავკასიური ფორმის მამრის რქები მოღუნულია უფრო რთულად – გაშლილი სპირალის სახით; მათი წვეროები კი მიმართულია უკან და ზემოთ. ცენტრალურ კავკასიურ ფორმას აქვს რქები, რომლებსაც თავისი აგებულებით შუალედი ადგილი უკავია პირველ ორ ფორმას შორის. ზემოჩამოთვლილი ფორმები განსხვავდებიან ერთმანეთისაგან რქების გარეგანი სკულპტურით. დასავლეთ კავკასიური ჯიხვის ჯიხვის რქების გარეთა მრუდზე კარგად ჩანს განივი, საკმაოდ ღრმა ნაჭდევები რქის სიგრძის ნახევარ მეტ მანძილზე. ასეთი ნაჭდევები ნაკლებად მკაფიოა ცენტრალურ კავკასიურ ჯიხვის რქებზე, ხოლო აღმოსავლეთ კავკასიურ ჯიხვს ასეთი თითქმის არ გააჩნია.
ზამთარში ჯიხვების ბეწვი გრძელია და ერთფეროვანი, ხშირი თივთიკით. ასეთი საფარველის გამო მათ შეუძლიათ აიტანონ დიდი კავკასიონის მაღალმთიანეთის ძალიან მკაცრი კლიმატური პირობები. გაზაფხულობით ბეწვი შედარებით თხელია და მოკლე.
გავრცელება: დიდი კავკასიონის ენდემია.
ცხოვრების ნირი: ალპური ზონის ტიპიური ბინადარია. მისი საზაფხულო ადგილსამყოფელებია ალპური მდელოები, თოვლითა და ყინულით დაფარული ადგილები, ციცაბო კლდოვანი ფერდობები. ზამთრობით ჯიხვები ინაცვლებენ ადგილს სუბალპური მეჩხერი ტყის ზონაში, ხევების ციცაბო კლდოვან ფერდობებზე. ჯიხვების ნაწილი რჩება საზამთროდ ალპურ ზონაში და ზამთარს ატარებს თოვლიანი საფარისაგან თავისუფალ უბნებზე. ჯიხვების დამახასიათებელია ჯოგური ცხოვრება.
ჯოგები ნაწილდება ასაკისა და სქესის მიხედვით. ჯიხვი ძირითადად იკვებება ბალახით, მაგრამ წლის ცალკე სეზონებში მისი საკვების შემადგენლობა შეიცავს მერქნიანი მცენარეების ნაირგვარ ნაწილებს, ჯიხვის საკვებს შეადგენენ 100 სახეობაზე მეტი მცენარე. ჯიხვი ძოვს ადრე დილისა და საღამოს საათებში, ხოლო ზოგიერთ ადგილას მთელი ღამის განმავლობაში. ჯიხვები ახდენენ სეზონურ მიგრაციებს, მინერალური მარილების ნაკლებობის შემთხვევაში.
ძალიან ფრთხილი ცხოველია, კარგად აქვს განვითარებული ყნოსვა და სმენა. ჯოგში ყოველთვის გამოირჩევა უფრო გამოცდილი და ფრთხილი ცხოველი, რომელიც ადრე შეიტყობს საფრთხის მოახლოვებას და მკვეთრი სტვენისმაგვარი “საგანგაშო” სიგნალით მიიქცევს მთელი ჯოგის ყურადღებას და გაიყოლებს მას უშიშარი ადგილისაკენ.ჯიხვების ატეხილობა იწყება ნოემბრის მეორე ნახევარში და თითქმის იანვრამდე გრძელდება. მასობრივი დოლი მიმდინარეობს მაისში. ნეზვი მეტწილად შობს ერთ ციკანს, ზოგჯერ ორს. ახალშობილი ციკანი რამდენიმე წუთის შემდეგ ფეხზე დგება, ხოლო ერთ-ორ საათში უკვე სირბილი შეუძლია. გამრავლების უნარი ხარჯიხვებს უნვითარდება 3-4 წლის, ხოლო მდედრებს 2 წლის ასაკში.
სამეურნეო მნიშვნელობა: ჯიხვი იძლევა მაღალხარისხიან ხორცს, ტყავს, თივთიკს და რქებს. ამავე დროს სპორტული ნადირობის ობიექტია. ადვილად შინაურდება, თავისუფლად ეჯვარება შინაურ თხას და იძლევა მაღალპროდუქტიულ ჰიბრიდს.
დასავლეთ კავკასიური ჯიხვი წითელ წიგნშია შეყვანილი, მასზე ნადირობა აკრძალულია!!!

აღმოსავლეთ კავკასიური ჯიხვი




კლასიფიკაცია: აღმოსავლეთ კავკასიური ჯიხვი (Capra cylindricornis) ღრურქიანების ოჯახის (Bovidae)და მთის თხების გვარის წარმომადგენელია.
გავრცელება: გავრცელების არეალი მოიცავს აღმოსავლეთი კავკასიის, რუსეთის, საქართველოს და აზერბაიჯანის ტერიტორიიებს. სამწუხაროდ მეცხრამეტე საუკუნიდან აღმოსავლეთკავკასიური ჯიხვის პოპულაცია საგრძნობლად შემცირდა. რისი მთავარი მიზეზიც მათზე უკონტროლო ნადირობა გახდა. ამჟამად ამ სახეობის საერთო რაოდენობა დაახლოებით ათი ათასი ინდივიდიღაა და ის ”გადაშენების საფრთხის ზღვარზე” იმყოფება.   აქვე უნდა ითქვას, რომ ამ ცხოველების გავრცელების ზოგიერთ რეგიონებშიში გატარებულმა პოპულაციის დაცვის ღონისძიბებმა შედეგი გამოიღო და ამ რეგიონებში ჯიხვის ღნიშნული სახეობის რაოდენობა კვლავ გაიზარდა.
აგებულება: აღმოსავლეთკავკასიური ჯიხვის აგებულება მასიურია. მამრებს დიდი დიამეტრის მქონე სპირალურად დახვეული რქები აქვთ, რომელთა სიგრძეც ერთ მეტრს აღწევს (წვერი უფრო მოკლე აქვს, ვიდრე დასავლეთკავკასიურ ჯიხვს, რქები კი, უფრო გრძელი) ხოლო მდედრების რქების სიგრძე სულ რაღაც 30სმ-ს. მამრების სხეულის სიგრძე 130-150 სმ-ია, კიდურები შედარებით მოკლე.  მხრებში სიმაღლე 79-98 სმ, წონა კი 55-100კგ-ია. მდედრები შედარებით უფრო პატარა ტანისები არიან და მათი წონა 45-55 კგ-ს აღწევს. სეზონების მიხედვით იცვლება მატყლის შეფერილობა. როგორც წესი, ზამთრის მატყლი მუქი ყავისფრიდან ღია ყავისფრამდე იცვლება. ზაფხულის მატყლი კი გაცილებით უფრო ღია და მოწითალო შეფერილობისაა.
ჰაბიტატი, რაციონი და ქცევა: აღმოსავლეთკავკასიური ჯიხვი ბინადრობს მთების კლდოვან ფერდობებე, ზღვის დონიდან 800-4200 მეტრის სიმაღლეზე. აქ ის გვხვდება როგორც მდელოებზე, ასევე ქვიან და ტყიან ადგილებშიც. ზაფხულის განმავლობაში ჯოგები მაღალ ადგილებში გადადიან, ხოლო შემოდგომით კი 1500-2000 მეტრით უფრო ქვემოთ ჩამოდიან. მათი რაციონი  ბალახებისა და ფოთლებისგან შედგება (ფოთლებით ძირითადად ზამთარში იკვებებიან). საკვების მოპოვებისას ჯიხვი დღეში 15-20 კილომეტრს გადის. აღმოსავლეთკავკასიური ჯიხვები დროდადრო დიდ ჯოგებს ქმნის, რომლებშიც ხანდახან რამდენიმე ასეული ინდივიდი გროვდება. უფრო სტაბილურია მცირე ზომის ჯგუფები სადაც 10-12 ცხოველი ერთიანდება. დაწყვილების პერიოდი ნოემბერ-იანვარშია. ამ დროს ინდივიდუალურად მცხოვრები მამრები მდედრების მცირე ჯგუფებს უერთდებიან. მდედრის ყურადღების მოსაპყრობად მამრებს შორის გააფთრებული შეჯიბრი იმართება. მაის-ივნისში, მაკეობის 150 დღიანი პერიოდის შემდეგ,  მდედრი შობს ერთ, იშვიათად ორ ნაშიერს.  ნაშიერები საკმაოდ მოძრავნი არიან და დაბადებიდან ერთ დღეში კლდეებზე ძრომიალიც შეუძლიათ. ერთ თვეში კი ბალახით კვებას იწყებენ, მაგრამ ამავდოულად, კიდევ სამი თვის განმავლობაში რძითაც იკვებებიან.

პოინტერი




პოინტერი წარმოადგენს მეძებართა ერთერთ უძველეს ჯიშს. ეს არის ელეგანტური ძაღლი კეთილშობილი გარეგნობით. სამართლიანად ითვლება ერთერთ გამორჩეულ ჯიშად. მისი წარმოშობის შესახებ ცნობილია, რომ მისი თავდაპირველი სამშობლო იყო ესპანეთი და არა ინგლისი. ვარაუდობენ, რომ XVIII საუკუნის დასაწყისში ბრიტანეთის ოფიცრებმა ესპანეთის ტახტისთვის ომის შემდეგ, გამოიყვანეს ესპანეთიდან ძველესპანური მეძებრები. ,,პერრო-დე-პუნტა” (რაც ნიშნავს ,,ძაღლი ნაბულზე”), რომლებისგანაც შემდეგ ბრიტანელმა სელექციონერებმა საგულდაგულო შერჩევის და სხვა ჯიშებთან, კერძოდ ფოქსაუნდთან შეჯვარების გზით, გამოიყვანეს თანამედროვე პოინტერი, გასული საუკუნის დასაწყისში. თუმცა არსებობს მეორე ვერსიაც, რომელიც გვიამბობს, რომ პოინტერი არის აბორიგენი ინგლისური ჯიში, რომელიც ჩამოყალიბდა ბრიტანეთის კუნძულზე, გამოყვანილი, როგორც ყველა მეძებარი, მეძებართა იმ ჯგუფებისგან, რომლებსაც მუტაციის შედეგად გაუჩნდათ ნაბულის კეთების უნარი. ამაზე მეტყველებს მისი სახელწოდებაც “To Point” (ნაბულის კეთება).
როგორიც არ უნდა იყოს პოინტერის წარმოშობა, ერთი უდავოა, პოინტერი გამოირჩევა არაჩვეულებრივი ალღოთი, სწრაფი შორეული და ფართო ძებნით, მტკიცე ნაბულით. ნანადირევის ნებისმიერ სუნზე მყისიერი რეაქციით.
თავის სამშობლოში პოინტერს მონადირისთვის მოკლული ნანადირევის მიტანას არ აიძულებენ, რათა არ გაუფუჭონ მტკიცე ნაბული. ამ მიზნისთვის ინგლისში გამოიყენება სპეციალიზირებული მომწოდებლები. “აპორტიერები” რომლებსაც რეტრივერებს უწოდებენ.
პოინტერის გამოჩენილი უნარები მალევე გახდა ცნობილი ევროპის კონტინენტზე და უკვე გასული საუკუნის პირველ ნახევარში დაიწყეს პოინტერების გაყვანა ინგლისიდან სხვა ქვეყნებში. თითქმის ყველა კონტინენტურმა მეძებარმა იგრძნო თავის თავზე ამ ჯიშის გამაკეთილშობილებელი გავლენა.
უნივერსალურობისკენ სწრაფვამ პოინტერისგან ყოველმხრივ განვითარებული ძაღლი შექმნა. მიუხედავად იმისა, რომ პოინტერი შედარებით სწრაფად სწავლობს კვალზე გასვლას და აპორტირებას, მის ძირითად სტიქიად მაინც ძებნა და ნაბული რჩება.
სტანდარტი:
თავი და ქალა: ქალა საშუალო სიგანის და შესაბამის შეფარდებაში დრუნჩის სიგრძესთან. შუბლიდან დრუნჩისკენ გადასვლა მკვეთრად გამოხატული; კეფის ბორცვი კარგად განვითარებული; ცხვირის წვერი და ქუთუთოები მუქი; ნესტოები ფართო, რბილი და სველი, ცხვირი ოდნავ აპრეხილი; ღაწვის ძვლები ნაკლებად გამოწეული; ტუჩები რბილი და კარგად განვითარებული.
თვალები საშუალო სიდიდის, კარგად დაყენებული; ფერი – ყავისფერი ან ღია ყავისფერი (დამოკიდებული ბეწვის ფერზე); მზერა – ჭკვიანი, მშვიდი. ყურები – დაშვებული, საშუალო სიგრძის, ბოლოებისკენ დავიწროებული, დაყენებული შედარებით მაღლა და წინა მხრით ღაწვებზე მჭიდროდ მიკრული.
ტანი: მკერდი ოვალური ფორმის, განიერი; ნეკნები წელის მიმართუებით გაფართოებული; ზურგი – მოკლე, ძლიერი, დაკუნთული და ოდნავ ამობურცული; გავა – კარგად ფორმირებული, დაკუნთული, ფართო.
წინა კიდურები: ბეჭები გრძელი, ირიბად დაყენებული; კუნთები კარგად განვითარებული, რელიეფური.
უკანა კიდურები: თეძოები ფართო და დაკუნთული; წვივები – გრძელი; მუხლის სახსრები კარგად მომრგვალებული.
თათები – ოვალური ფორმის, კარგად შეკუმშული თითებით და უხეში ბალიშებით.
კუდი – საშუალო სიგრძის, სათავეში ფართო, ბოლოსკენ დავიწროებული, მოკლე ბეწვით დაფარული; როდესაც ძაღლი მოძრაობს კუდს უნდა აქიცინებდეს აქით-იქით.
ბეწვი – წვრილი, უხეში, პრიალა, თანაბრად განაწილებული მთელ ტანზე.
შეფერილობა – უფრო ხშირია თეთრი – ყვითელი, აგურისფერი, ყავისფერი ან შავი ლაქებით. დასაშვებია ერთი ფერის შეფერილობაც და სამფეროვნებაც.


კურცჰაარი




კურცხაარი – მსოფლიოში ყველაზე ცნობილი გერმანული მონადირული ძაღლია. იგი წარმოადგენს გერმანული მეძებარის ყველაზე ძველ და ძირითად ფორმას მის სამ ნაირსახეობას შორის: კურცხაარი, დრათხარი და ლანგხარი, რომლებიც, უმთავრესად, ბეწვის საფარველით განსხვავდებიან. მონადირული ძაღლის სახით, კურცხაარი ფლობს ძალას, სისწრაფეს და გამძლეობას, მახვილ ყნოსვას, მტკიცე ნაბულს და ძებნისადმი მუდმივ სიმზადეს, იგი ენერგიულია ნადირობისას, დაინტერესებულია მუშაობაში და ყოველთვის მზადაა შეასრულოს დავალებები. ამ ჯიშს აგრეთვე გამომუშავებული აქვს მიდრეკილება მოკლული ნადირის მიყვანისადმი. თუ ბუნებრივი მონაცემების შესაბამისად კურცხაარს დავტვირთავთ, ძაღლი ფსიქიკურად გაწონასწორებული გახდება და თავისი საქციელით ზედმეტ საზრუნავს არ მოუტანს ოჯახს, რომელშიც ცხოვრობს. ეს სახლში მშვიდი და სასიამოვნო ცხოველია, რომლის ბეწვი განსაკუთრებულ მოვლას არ საჭიროებს. კურცხაარი ბინისათვის მოსახერხებელი ძაღლია. იგი მეგობრული, კეთილშობილია, ფლობს ძლიერ ხასიათს, მშვიდ და თავშეკავებულ ტემპერამენტს, ასევე დამჯერია და კარგად იწვრთნება. ოჯახში კურცხაარი ალერსიანია, თავისი მფლობელის მიმართ ძალიან ერთგული, უყვარს ბავშვები, ხანდახან კი შეუძლია სადარაჯო ძაღლის ფუნქციების შესრულებაც, თუმცა სინამდვილეში აგრესიულობით არ გამოირჩევა.
გამოყენება
ყველაზე კარგად კურცხაარი საკუთარ თავს ველში ნადირობისას ავლენს და მუშაობის ამ სახეობაში იკავებს უპირატეს ადგილს სხვა ჯიშებს შორის, ამიტომაც, სანადირო სეზონში ყველაზე ხშირი შეხვედრა მასთან დაბლობებზე შეიძლება, რომელიც მდიდარია წვრილი ნადირით, იშვიათად კი – ტყის მასივებში. კურცხაარი დინჯი ოთხით სვლით და ჩორთით გერმანული პედანტურობით ათვალიერებს მიდამოს და ფრინველის აღმოჩენისას აკეთებს ნაბულს. ამასთან ერთად, კურცხაარი ერთ-ერთი ყველაზე უნივერსალური მონადირული ჯიშია, რომელიც წარმატებით გამოიყენება ნადირის ყველა სახეობაზე სანადიროდ და, მათ შორის, კარგად ნადირობს წყალზე მცურავ ფრინველზე. ამის გარდა, კურცხაარი მშვენივრად გამოიყენება ცხოველის სისხლიან ნაკვალევზე ნადირობისას, სახლში კი – ეს შესანიშნავი მეგობარი და დამხმარეა (ძაღლი-კომპანიონი)
ზოგადი გარეგნობა
სიმაღლე მინდაოში: ხვადი – 58-64 სმ, ძუ – 56-62 სმ. წონა – 25-32 კგ.
ყოლისა და მოვლის თავისებურებები
იმის გამო, რომ ამ ჯიშის წარმომადგენელთა უმრავლესობა ნადირობისათვის გამოიყენება, მოშენებისას განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა საჭიროა ძაღლების სამუშაო თვისებებზე ნადირობის სხვადასხვა სახეობაში მათი გამოყენების გათვალისწინებით. ჯიში საჭიროებს სახლის წვრთნას და დაგეშვას თავისუფალი ნადირის მიხედვით.


დათვების თევზაობა ალასკის ჩანჩქერზე



უამრავი მშიერი დათვი ალასკას ეროვნულ პარკში ორაგულზე სანადიროდ ერთად შეიკრიბა. ეს რუხი დათვები უერთმანეთოდ თავს კარგად გრძნობენ და განსაკუთრებით ვერ ეწყობიან ერთმანეთს, როდესაც საკითხი საჭმელს ეხება. 6 ფუტი სიმაღლის ცხოველისთვის თევზი ყველაზე გემრიელი სადილია.
ფოტოზე კარგად ჩანს, თუ როგორ დაიწყეს ცხოველებმა კინკლაობა თევზის გამო. პატარა ბელები კი შორიახლოს იდგნენ და უფროსების ჩხუბს გაოცებულნი უყურებდნენ. ეს ფოტოები ველური ბუნების ფოტოგრაფმა ემი ვიტალემ გადაიღო.
Katmai-ს 40 კვადრატულ კილომეტრზე გადაჭიმული ეროვნული პარკი დათვების თავშესაფარია.
პარკში დათვებზე ნადირობა აკრძალულია და ამით მათ განადგურებისგან იცავენ. შედეგად, მურა დათვების რაოდენობამ იმატა.

Thursday, April 26, 2012

ჯოლის ვარჯიში წყალში

Browning bestiaire

კურდღელზე ნადირობა

კურდღელი ჩვენში მეტნაკლები რაოდენობით, თითქმის ყველგან მოიპოვება. გვხვდება ყველა ვერტიკალურ ზონაში, გარდა ალპურის ზედა ზონისა და მყინვარების მიმდებარე ტერიტორიაზე. განსაკუთრებით ეტანება გაშლილ ადგილებს, ველებსა და ნახევარუდაბნოებს, ბორცვებსა და მთისპირებს. არ ერიდება არც ტყის მასვიებს, მაგრამ მაინც ტყის პირებს ამჯობინებს. უყვარს ბუჩქნარი, ჩალიანი და კულტურული ლანდშაფტები.
კურდღელი საშუალო ზომის ცხოველია, მისი წონა 5-6 კგ-ს აღწევს. მაკეობს წელიწადში სამჯერ (თბილი ზამთრის პერიოდში ოთხჯერასც) . მაკეობა 45-48 დღეს გრძელდება. ბადებს 2-3 თვალხილულ ბალნით შემოსილ ნაშიერს. ვინაიდან კურდღელს მუდმივი საცხოვრებელი სორო არ გააჩნია, იგი ბაჭიებს მოფარებულ ადგილზე ტოვებს და დრო და დრო აკითხავს მათ გამოსაკვებად. ლიტერატურაში არის ცნობები იმის შესახებ, რომ ბაჭიებს შეიძლება სრულიად უცხო დედალმა კურდღელმაც მოაწოვოს. ახალგაზრდები სწრაფად ვიტარდებიან და თვე-თვენახევარში სრულიად დამოუკიდებელ ცხოვრებას იწყებენ. სქესობრივ სიმწიფეს 1 წლის ასაკში აღწევენ. ცოცხლობენ 10 წლამდე.
ეს ცხოველი მხოლოდ მცენარეებით იკვებება. თბილ პერიოდში ისინი ნორჩ ბალახს, ჯეჯილს და ახალგაზრდა ყლორტებს ჭამენ; არ ერიდებიან ბოოსტნებში შესვლას და ეტანებიან კომბოსტოს, სტაფილოსა და სხვა ბოსტნეულს. ძამთრობით მათი საკვები ძირითადად ხის ქერქი და ახალგაზრდა ტოტებია.
ბუნებაში კურდღელს ბევრი მტერი ჰყავს. მათზე ნადირობას არ თაკილობს არც ერთი ოთხფეხა მტაცებელი და ზოგიერთი ფრთოსანიც, განსაკუთრებით ქორი და არწივი. მაგრამ ამ ცხოველის ყველაზე დიდი მტერი აღვირახსნილი ბრაკონიერობაა – ღამე მანქანის ფარების შუქზე და პროჟექტორებით ნადირობა. ზოგ შემთხვევაში ასეთი მონადირეები ათობით კურდღელ კლავენ და თითქმის სპობენ მას. მისი რიცხოვნობის შემამცირებელი სხვა ფაქტორებიდან უნდა აღინიშნოს ჰელმინთოზით დაავადებები, რომლებიც ხშირად კურდღლის მასობრივ სიკვდილიანობას იწვევს.
კურდღელზე თავისუფალი ნადირობა 1960 წელს აიკრძალა. გასული საუკუნის 70-იან წლებში ნადირობის ინსპექცია სპეციალურ ლიცენზიებს გასცემდა მეტად შეზღუდული რაოდენობით, შემდეგში ესეც შეწყდა. ახლა კი მასზე ნადირობა მხოლოდ სპეციალურ სანადირო მეურნეობებშია დაშვებული.
ამ ცხოველზე ნადირობის რამდენიმე წესი არსებობს. ყოველგვარ ნადირობას თავისი მოტრფიალეები ჰყავს. ვის არ ესიამოვნება შემოდგომის პირს მწყერზე, ტყის ქათამზე ან კაკაბზე ნადირობისას მოულოდნელად წამომხტარი კურდღლის მონადირება. ან იმ წუთებს რა დაგვავიწყებს, როცა უცნაურ პოზაში ნაბულზე მდგომ მეძებართან მისულს, ბრძანების ხმაზე ფრინველის მაგივრად გრძელყურა ნაცარა დაგელანდება და სროლის შემდეგ რამდენიმე მალაყზე გადასული, ადგილზე დარჩება. ხოლო მდევრების შეწყობილი ხმით ნადევნი კურდღლისათვის გზის მოჭრა და ადგილის კარგად შერჩევა ხომ ბევრისთვის შეუცვლელი სიამოვნებაა? და ა.შ. არიან ისეთი მონადირეებიც, რომლებიც კურდღელს მათთვის დამახასიათებელ ადგილებში უძაღლოდ ეძებენ და საკუთარი გამოცდილების წყალობიტ შედეგსაც აღწევენ. მოკლედ განვიხილოთ თითოეული მათგანი.
უძაღლო მონადირეებისათვის ყველაზე ხელმისაწვდომი ფესდაფეხ ნადირობაა. ამ შემთხვევაში შედეგიანი ნადირობა მონადირისგან ფიზიკური გამძლეობის გარდა გარკვეულ ცოდნასაც მოითხოვს. პირველ რიგში კი კურდღლისთვის დამახასიათებელი, სავარაუდო საწოლი ადგილების ზუსტად შერჩევას. საერთოდ ცნობილია, რომ კურდღელი დასაწოლად ისეთ ადგილებს ირჩევს, სადაც მას საფრთხის თავიდან აცილება შეუძლია. იგი ყოველთვის პირით ქარის მიმართულებით წვება და მოახლოებულ საშიშროებას შორიდან გებულობს. ამიტომ იმ ადგილებში, სადაც ეჭვობთ, რომ კურდღელი შეგხვდებათ ყოველთვის ქარის საწინააღმდეგოდ უნდა იმოძრაოთ. ამ შემთხვევაში კურდღელი უფრო ახლოს მიგიშვებთ და ძნელადაც გაგეპარებათ. დიდი მნიშვნელობა აქვს ამინდის ფაქტორსაც. თბილ, ნესტიან ამინდში იგი გაცილებით მაგრად წევს და შედარებით ახლოს უშვებს მონადირეს; დიდი ყინვაში კი, როგორც წესი მასთან მიახლოება ძალიან ძნელია, რადგან ადრე დგება და სასროლი მანძილის მიღმიდან იპარება.
კურდღელზე ფეხდაფეხ ნადირობისათვის ყველაზე ხელსაყრელი თოვლიანი ამინდია, თუ თოვა საღამოს პირს ან ადრე ღამით შეწყდა, მაშინ ცხოველები მთელი ღამის განმავლობაში აქტიურად არიან და შესაბამისად თოვლზე მოძრაობის მთლიან მარშუტს კვალზე ტოვებენ. ასეთ კვალს გრძელი კვალი ჰქვია. თუ თოვა გვიან ღამით ან ადრე გამთენიისას გადაიღო, მაშინ კვალზე კურდღლის მოძრაობის მხოლოდ ბოლო მონაკვეთი რჩება; ეს უკვე მოკლე კვალია. რომელიც მონადირეებისათვის ნამდვილი მისწრებაა. იგი კარგად იკითხება და ცხოველის პოვნა გაცილებიტ იოლია. კურდღლის კვალი სხვა ცხოველების კვალისაგან ადვიი გასარჩევია, ის როცა გარბის წინა ფეხებს უკანებს შუა ატარებს. ამგვარად გადაადგილებისას მის კვალზე უკანა თათის ანაბეჭდები უფრო წინაა ხოლმე ვიდრე წინასი.
კურდღელი სხვადასხვა შემთხვევაში განსხვავებული ტიპის კვალს ტოვებს.
საკვებ კვალზე თათების ანაბეჭდები შედარებით შემჭიდროებულია და ერთგვარ ბილიკს წააგავს.


კურცჰაარი vs ხოხობი

მელა

ეკუთვნის ძაღლების ოჯახს.
აღწერილობა: საშუალო სიდიდის ნადირია. სხეულის სიგრძე 90სმ, კუდის 40-60სმ, წონა 10კგ. დინგი წაგრძელებულია, ყურები გრძელი და სამკუთხისებრი. ბეწვი ხშირი და რბილი, ბეწვის შეფერილობა ქარცისფერი, მკერდსა და მუცელზე თეთრი, კუდის ბოლო ჩვეულებრივ თეთრი, ზოგჯერ შეინიშნება მელანიზმი. საქართველოს მთის რაიონებში გვხვდება მუქი-რუხი ფერის მელიები.
გავრცელება: ფართოდაა გავრცელებული ევროპაში, ჩრდილოეთ აფრიკაში, აზიასა და ჩრდილო ამერიკაში. საქართველოში გვხვდება თითქმის ყველგან 4000მ სიმაღლემდე ზღვის დონიდან.
ცხოვრების ნირი: ბინადრობს ტყეებში, ბუჩქნარებში, ველებზე. ბუნაგს იკეთებს კლდის ნაპარალებში ან სხვა ცხოველების მიერ მიტოვებულ სოროებში.
საკვებს შეადგენენ: წვრილი ძუძუმწოვრები, ფრინველები (განსაკუთრებით მიწაზე მობუდარი), ქვეწარმავლები, მწერები, მოლუსკები, ხილი.
მძუნაობა მიმდინარეობს ზამთრის ბოლოს ან ადრე გაზაფხულზე. მაკეობა გრძელდება ორ თვემდე, შობს 4-6 ზოგჯერ მეტს თვალაუხელელ ლეკვს.
სამეურნეო დანიშნულება: აქვს დიდი სამეურნეო მნიშვნელობა, როგორც ბეწვის მომცემ ერთ-ერთ მთავარ ობიექტს.
დიდი საგებლობა მოაქვს თაგვისებური მღრღნელების მოსპობით. სასარგებლო ნადირ-ფრინველთა შორის მელა დიდ ზიანს აყენებს მიწაზე მობუდარ ფრინველებს: ხოხობს, დურაჯს, კაკაბს, გნოლს და სხვა. საშიშია როგორც ცოფისა და ჰემინთური ინვაზიების მტარებელი და გამავრცელებელი.

თეთრყელა კვერნა



თეთრყელა კვერნა ეკუთვნის კვერნისებრთა ოჯახს. სხეულის სიგრძე 45 -55 სმ, კუდისა 25-30 სმ. სხეულის ზომისა და წონის მიხედვით მდედრები ჩამორჩებიან მამრებს. ბეწვის შეფერილობა ზურგის მხარეს მუქი- მურაა, მუცელზე-რამდენადმე უფრო ნათელია. ყელზე დიდი თეთრი ლაქაა, რომელიც გადადის გულმკერდსა და წინაკიდურებზე. თათების ლანჩა ბალნებით სუსტადაა დაფარული. თითქმის ბალიშები შიშველია და ამ ნიშანთვისებით შესაძლებელია ცხოველის ნაკვალევის გამოცნობა.
გაცრცელება: სამხრეთი და შუა ევროპა, კავკასია, წინა აზია, მცირე, შუა და ცენტრალური აზია. საქართველოში თითქმის ყველგანაა, სადაც მოიპოვება შესაფერისი ადგილსამყოფელები.
ცხოვრების ნირი: ბინადრობს მთის და ჭალის ტყეებში, უტყეო კლდოვან ფერდობებზე, ხრამებისა და ხევების ბუჩქნარებში. საკმაოდ ხშირად გვხვდება კულტურულ ლანდშაფტებში, ადამიანის საცხოვრებლის ახლოს. საკვების მოსაპოვლებად გადის მინდვრებში, ღამით იტაცებს შინაურ ფრინველებს. ბუდეს იკეთებს ხის ფუღუროში, ქვების ქვეშ და ხეების ფესვების ქვეშ. საკვების მოსაპოვლებლად ჩვეულებრივ გამოდის ღამით, თუმცა გვხვდება დღისითაც. კარგად დარბის მიწაზე და დაცოცავს ხეებზე. ძალიან მარდი, ღონიერი და დაუღლელი მტაცებელია. ერთი ღამის განმავლობაში შეუძლია გაიაროს რამდენიმე ათეული კილომეტრი. იკვებება როგორც ცხოველური, ისე მცენარეული საკვებით. ადვილად მოიპოვებს წვრილ ძუძუმწოვრებს, ფრინველებს, ამფიბიებს, მწერებს და ამ დროს იჩენს გაუმაძღრობას და შეუბრალებლობას. მძუნაობამდე ცხოვრობს ცალკე, მარტოულად, მძუნაობა ხდება ივლისის – აგვისტოში. მომდევნო წლის აპრილ -მაისში მდედრი შობს 3 -6 თვალებაუხლელ ნაშიერს, რომლებიც სწრაფად იზრდებიან და 3 -4 თვის ასაკში იწყებენ დამოუკიდებელ ცხოვრებას. 8 -9 თვის ასაკში ისინი სხეულის ზომით უტოლდებიან თავიანთ მშობლებს. გამრავლების უნარი უვითარდება 2 წლის ასაკში, სიცოცხლის ხანგრძლივობა 15 წლამდეა.
სამეურნეო დანიშნულება: ერთ-ერთი საუკეთესო ბეწვის მომცემი ცხოველია, რომელიც იძლევა ძვირფას ბეწვს, თუმცა თავისი ხარისხით ჩამოუვარდება ტყის კვერნის ქურქს. საქარველოში ნადირობდნენ კვერნაზე 1 დეკემბრიდან- 28 თებერვლამდე, მას მოიპოვებენ ხაფანგებით, თოფიდან სროლით(ძაღლების გამოყენებით).
თეთრყელა კვერნის მოსაპოვებლად საჭიროა 5 ნომერი საფანტი. ამჟამად ნადირობა აკრძალულია.                                                                       

ნუტრია (ჭაობის თახვი)


საკმაოდ დიდი მღრღნელია. სხეულის სიგრძე 60 – 80 სმ-მდე აღწევს. კუდის 4-5 სმ-ს. წონა საშუალოდ 6 კგ-ია, ზოგიერთის წონა 12 კგ-ს აღწევს. ტანი აქვს მკვრივი, დიდი თავით, პატარა თვალებით და მოკლე ყურებით. მრგვალი კუდი დაფარულია გაიშვიათებული ბალნით, კანი ქერცლოვანია. უკანა კიდურების თითებს შუა  საცურავი აპკია გადაკრული.
ბეწვის შეფერილობა ზურგის მხარეზე ბაცი ყავისფერია, გვერდებზე ღია-მოყვითალო ფერი გადაჰკრავს, ულვაშები თეთრი, ბეწვი – რბილი და ნაზია.
ძირითადი კბილები ფესვებიანია. ფორმულა 4/4. ქალას სიგრძე – 115 მმ.
ნუტრიას სამშობლო სამხრეთი ამერიკაა. ის დასავლეთ საქართველოში შემოიყვანეს 1930 წ. ის კარგადაა მოშენებული კოლხიდაში და მისი არეალი სამტრედიამდე აღწევს. ჩრდილოეთით ის ჩხოროწყუს რაიონში გავრცელდა. მდინარე ოჩხამურამდე. ბინადრობს მდინარეებისა და ტბების დაჭაობებულ სანაპიროებზე, მურყნიან-ლაქაშიან ჭაობებში. კარგად ცურავს და ყვინთავს. სორო გაჰყავს წყლიდან მიწაში რამდენიმე მეტრის მანძილზე. სოროს აქვს შესასვლელი, საიდანაც ნუტრია ჩადის. იქვე შესასვლელთან დგამენ ხაფანგებს და იჭერენ. იკვებება ჭაობის ბალახებით. ლაქაშით და სხვა. ჭამს, აგრეთვე სიმინდის ტაროს. სიმინდს ის ღრღნის ღეროში, ტაროს მხარეზე, დაახლოებით თავისი სხეულის სიგრძის სიმაღლეზე და ასე  წააქცევს. ზოგჯერ თავს ესხმის წიწილებს, მაგრამ ბეწვი იმდენად გამოსაყენებელია, რომ მიყენებული ზარალი უმნიშვნელოდ ითვლება. ნუტრიას ტყავი საქართველოში საკმაო რაოდენობით მზადდებოდა. ამჟამად მასსზე ნადირობა აკრძალულია.
მრავლდება წელიწადში ორჯერ. შობს 4-6 შვილს.
1957 წელს საქართველოს კოოპცხოველნედლეულის თბილისის დამზადების კანტორამ, ნუტრიების მოსაშენებლად ლოჭინის ხეობაში მოაწყო 12 ჰა ფართობის ფერმა, სადაც სიმინდი ითესებოდა ნუტრიების გამოსაკვებად.