Thursday, April 26, 2012

ნუტრია (ჭაობის თახვი)


საკმაოდ დიდი მღრღნელია. სხეულის სიგრძე 60 – 80 სმ-მდე აღწევს. კუდის 4-5 სმ-ს. წონა საშუალოდ 6 კგ-ია, ზოგიერთის წონა 12 კგ-ს აღწევს. ტანი აქვს მკვრივი, დიდი თავით, პატარა თვალებით და მოკლე ყურებით. მრგვალი კუდი დაფარულია გაიშვიათებული ბალნით, კანი ქერცლოვანია. უკანა კიდურების თითებს შუა  საცურავი აპკია გადაკრული.
ბეწვის შეფერილობა ზურგის მხარეზე ბაცი ყავისფერია, გვერდებზე ღია-მოყვითალო ფერი გადაჰკრავს, ულვაშები თეთრი, ბეწვი – რბილი და ნაზია.
ძირითადი კბილები ფესვებიანია. ფორმულა 4/4. ქალას სიგრძე – 115 მმ.
ნუტრიას სამშობლო სამხრეთი ამერიკაა. ის დასავლეთ საქართველოში შემოიყვანეს 1930 წ. ის კარგადაა მოშენებული კოლხიდაში და მისი არეალი სამტრედიამდე აღწევს. ჩრდილოეთით ის ჩხოროწყუს რაიონში გავრცელდა. მდინარე ოჩხამურამდე. ბინადრობს მდინარეებისა და ტბების დაჭაობებულ სანაპიროებზე, მურყნიან-ლაქაშიან ჭაობებში. კარგად ცურავს და ყვინთავს. სორო გაჰყავს წყლიდან მიწაში რამდენიმე მეტრის მანძილზე. სოროს აქვს შესასვლელი, საიდანაც ნუტრია ჩადის. იქვე შესასვლელთან დგამენ ხაფანგებს და იჭერენ. იკვებება ჭაობის ბალახებით. ლაქაშით და სხვა. ჭამს, აგრეთვე სიმინდის ტაროს. სიმინდს ის ღრღნის ღეროში, ტაროს მხარეზე, დაახლოებით თავისი სხეულის სიგრძის სიმაღლეზე და ასე  წააქცევს. ზოგჯერ თავს ესხმის წიწილებს, მაგრამ ბეწვი იმდენად გამოსაყენებელია, რომ მიყენებული ზარალი უმნიშვნელოდ ითვლება. ნუტრიას ტყავი საქართველოში საკმაო რაოდენობით მზადდებოდა. ამჟამად მასსზე ნადირობა აკრძალულია.
მრავლდება წელიწადში ორჯერ. შობს 4-6 შვილს.
1957 წელს საქართველოს კოოპცხოველნედლეულის თბილისის დამზადების კანტორამ, ნუტრიების მოსაშენებლად ლოჭინის ხეობაში მოაწყო 12 ჰა ფართობის ფერმა, სადაც სიმინდი ითესებოდა ნუტრიების გამოსაკვებად.

No comments:

Post a Comment